კახა კალაძე - რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, გიგი უგულავამ თავად აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა, 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების დევნა არ მიმდინარეობს და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება.
რაც შეეხება გიგი უგულავას სასამართლო პროცესს, კალაძის თქმით, გიგი უგულავას სადავო არაფერი აქვს, რადგან მან დანაშაული თავად აღიარა, 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი.
„პოლიტიკასთან რა შუაშია, თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ, დაანახონ საზოგადოებას სიმართლე და რეალობა. შესაბამისად, ვერავინ დაიჩაგრება, ჩვენ არავინ არასდროს დაგვიჩაგრავს და ამას ვერავინ გაბედავს. გიგი უგულავას სადავო რა აქვს? გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი აქვს მოწერილი. სადავო რა არის, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“ ,- განაცხადა კალაძემ.