კახა კალაძე - დაპირისპირება, სამოქალაქო ომები წარსულს ჩავაბარეთ, სახელისუფლებო ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით
არავის უნდა ეპატიოს და არ უნდა იყოს მცდელობა, რომ საქართველოში ნომერ პირველ ინსტიტუტზე მოხდეს შეტევა, იყოს შტურმით აღების მცდელობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, არავის უნდა ეპატიოს და არ უნდა იყოს იმის მცდელობა, რომ საქართველოში ნომერ პირველ ინსტიტუტზე მოხდეს შეტევა, იყოს მცდელობა შტურმით აღების. ეს უნდა დავამთავროთ, რადგან ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება, იყოს ეს ქვეყნისთვის, დამაზიანებელია დაპირისპირება, სამოქალაქო ომები და ა.შ. ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. სახელისუფლებო ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.