კახა კალაძე - ქვეყნის უმეტესმა ნაწილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება
ქვეყნის უმეტესმა ნაწილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილებაა სიმშვიდე, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად სალომე ზურაბიშვილის შტაბში იმყოფებოდა.
„მინდა მივულოცო ქალბატონ სალომეს და ქვეყნის მოსახლეობას, ყველას, ვინც მოსული იყო არჩევნებზე. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს, ვინც პირველი დღიდან ჩართული იყო საარჩევნო პროცესში, ძალიან ბევრი იშრომა და იმუშავა.
ჩვენი ქვეყნის უმეტესმა ნაწილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილებაა სიმშვიდე, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
პირველ ტურში იყო პრობლემები და საზოგადოებაც იყო ადეკვატური, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს კარგად. გამოწვევები ბევრია. ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. ეს არის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ ამ გამოწვევებს ერთიანი ძალებით გავუმკლავდებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი 59.68%-ით იმარჯვებს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი ხმათა 40.32% აქვს.