კახა კალაძე - ქვეყნის შიგნით და გარეთ არიან ადამიანთა ჯგუფები, ვისაც აქვს მცდელობა, ქვეყანაში მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, არავის არაფერი გამოუვა
მიხეილ სააკაშვილი საინტერესო ნამდვილად არ არის. ეს ადამიანი იხდის სასჯელს, არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ საკაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მისი ინფორმაციით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.
„რაც შეეხება ზოგადად დესტაბილიზაციას ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განმარტებები, რომ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ არიან ადამიანთა ჯგუფები, ვისაც აქვთ სურვილი და მცდელობა, ქვეყანაში მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდებით. არავის არაფერი გამოუვა, ყველა ასეთი ქმედება იქნება კანონით დასჯილი. შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.