კახა კალაძე - ქვეყანაში „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელიც იბრძვის, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი
ქვეყანაში „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რომ ქვეყანა და ევროპული მომავალი როგორმე დაზიანდეს.
„ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები. ისინი მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, რასაც უბრძანებენ, დაავალებენ, აკეთებენ იმას და ის, რასაც აკეთებენ, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის. გვახსოვს, რას აკეთებდნენ, რა მეილებს უგზავნიდნენ ევროპარლამენტარებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ; იგივე, როგორ დარბოდნენ ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს; კანდიდატის სტატუსის მიღების დროს პირდაპირ მოწოდებები იყო, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო; იგივეა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ყველაფერი კეთდება მათი მხრიდან იმისთვის, რომ როგორმე დააზიანონ ქვეყანა და ქვეყნის ევროპული მომავალი. პირდაპირ ვიტყვი, ქვეყანაში „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ყველაფერი, თუკი რაიმე გაკეთებულა ამ გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება 2012 წლიდან მოყოლებული – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი, ხელშესახები ცვლილება განხორციელებულია „ქართული ოცნების“ მიერ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამჟამად წარმოდგენილია მოლაპარაკების გახსნისთვის შესაბამისი დათქმები, რომლებიც სრულდება და ევროპას დარჩება მხოლოდ ის, რომ გახსნას მოლაპარაკებები.
„ერთმა დალოცვილმა ადამიანმა – თუ მოიძებნება ევროპაში ან საქართველოში – აგვიხსნას, რატომ, რაში გამოიხატება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს? თუ ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ კონსტიტუციაში შეგვეტანა ევროპული მომავალი, ვიბრძოლეთ, რომ მიგვეღო ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, სავაჭრო ურთიერთობები. ეს არის ფარისევლობა და ვერ წარმოადგენს ვერავინ ვერცერთ არგუმენტს, რომ „ქართული ოცნება“ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აშორებს ევროპას და ევროპულ მომავალს, არ არსებობს ბუნებაში უბრალოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა მათ მიერ წარდგენილი შესწორება ევროსაბჭოს რეზოლუციაში ვერ მოხვდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია 27 ივნისს მიიღო.