კახა კალაძე - არჩევნებისთვის დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს, რაც არის დასტური, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი?“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ცესკო-ში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს, არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.
„თავიდანვე ვთქვით, რომ არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, ქვეყანაში არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი? რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“? ყველაფერი ცხადია. ეს უბრალოდ შესაფუთად სჭირდებათ. ხან არასამთავრობო ორგანიზაციას ირქმევენ, ხან – რას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სხვა ადამიანები არიან. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან, რომლებსაც სახელი და ფუნქციები სხვადასხვა აქვთ. კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიის სახით არის წარმოდგენილი, ქვეყანას და მშვიდობას ებრძვის. მათი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს ინტერესი სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. რაც არ უნდა მძიმე იყოს, ომი იქნება საჭირო, თუ რასაც უბრძანებენ – ყველაფრისთვის მზად არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.