კახა კალაძე - ქუჩები, რომელთა მოასფალტება ჯერ ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მაინც უნდა მოვაწესრიგოთ, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქუჩები, რომელთა მოასფალტება, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მაინც უნდა მოწესრიგდეს, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ. ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლდანის რაიონში, გიორგი ბაბილოძის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვდა.
გლდანის რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე ამ ეტაპზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, ასფალტის საფარის დაგება კი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
„სადაც გვაქვს ისეთი ქუჩები, რომ ვერ ვახერხებთ მოასფალტებას გარკვეული პრობლემების გამო, რომ მაგალითად, GWP ვერ შედის და ყველაფერს ერთად ვერ წვდება, ასეთი ქუჩები მოვაწესრიგოთ ისე, რომ ადამიანებს ელემენტარულად გადაადგილება შეეძლოთ. არ ვგულისხმობ, რომ აუცილებელია მოასფალტება, რადგან ხვალ-ზეგ შესაძლოა, ისევ გადათხრა მოგვიწიოს, მაგრამ ისეთ დონეზე მივიყვანოთ და ისე მოვაწესრიგოთ, რომ ადამიანებს ტალახიან გზაზე აღარ უწევდეთ გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ თუ გზის მოასფალტება ამ ეტაპზე არ ხერხდება, უნდა მოიხრეშოს მაინც.
როგორც მერმა აღნიშნა, თუ გამგეობა ამ სამუშაოების ჩატარებას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს, შეუძლია, დახმარებისთვის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს მიმართოს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.