კახა კალაძე - ქოლცენტრებთან დაკავშირებით თაღლითური სქემის გამოვლენა, პირველ რიგში, საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურებით მოხდა, ეს არის სუს-ი, პროკურატურა, შსს
ქოლცენტრებთან დაკავშირებით თაღლითური სქემის გამოვლენა, პირველ რიგში, საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურებით მოხდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოს უწყებებმა დაიწყეს ამ მიმართულებით გამოძიება და შემდეგ მოხდა ევროპელი კოლეგების ჩართვა.
„თაღლითური სქემის გამოვლენა, პირველ რიგში, საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურებით მოხდა; ეს არის სუს-ი, პროკურატურა, შსს. სწორედ ამ უწყებების უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ფაქტების გამოვლენა. ვიდრე ტელეკომპანია BBC გამოძიებას ჩაატარებდა, თქვენ რა, არ გქონდათ ინფორმაცია ამ თემაზე და არ გსმენიათ, რომ პრობლემას წარმოადგენდა ქოლცენტრები და ვინ დგას ამის უკან? პირველმა საქართველოს უწყებებმა დაიწყეს ამ მიმართულებით გამოძიება. შემდეგ მოხდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.