კახა კალაძე - ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ხალხი
მიუხედავად ამდენი რთული პერიოდისა, ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
„11 წელი გავიდა2008 წლის აგვიტოს ომიდან, ომიდან რომელმაც შეიწირა უამრავი უდანაშაულო ადამიანის, გმირების, ჯარისკაცების სიცოცხლე. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ტერიტორიები. ადამიანებმა დაკარგეს მამაპაპისეული საფლავები, სალოცავები, დავკარგეთ ბევრი სოფელი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, შედეგები, რაც მივიღეთ, თუმცა მიუხედავად ამდენი რთული პერიოდისა, ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ხალხი და მინდა, ყველამ იცოდეს, ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური განვითარებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.