კახა კალაძე - ქართველებს შეგვწევს უნარი, ზიზღის ნაცვლად, ერთმანეთს სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად კი - გვერდით დგომა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახლა საჭიროა ერთმანეთის გვერდით დგომა, რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლების გამხნევება.
მისი თქმით, გლოვის დღეს არ ღირს იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
„დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება. ყველას უნდა ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მაინც შეგვიძლია, გვერდით გადავდოთ ყველაფერი და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს, ზიზღის ნაცვლად, სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად კი, ერთმანეთის გვერდით დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.