კახა კალაძე - კონსტიტუციური ცვლილების გარეშე ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა შეუძლებელია და ეს დაინახა დიპლომატიურმა კორპუსმაც
კონსტიტუციური ცვლილების გარეშე ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა შეუძლებელია და ეს დაინახეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ დათმობას არ აპირებს, არასწორია.
„საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა შეუძლებელია და შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ დაინახა დიპლომატიურმა კორპუსმა. თუ სხვა საარჩევნო სისტემაზე ჩამოყალიბდებიან, ანალოგიურად შესაძლებელია შედგეს შეხვედრა და გვქონდეს საუბარი. როგორც ვიცი, ერთ-ერთს დაუყენებია გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკითხი, შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რადგან არ იყო ეს შეთანხმებული და რატომ საუბრობ ამაზეო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტის ჩავარდნით „ქართულ ოცნებას“ არც კანონი დაურღვევია და არც კონსტიტუცია.
„ეს იყო ძალიან ცუდი, როცა პარტია აკეთებს დაპირებას და ვერ ასრულებს კონკრეტული დეპუტატების გამო. ეს რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მოსახლეობას თუ აქვს წყენა, ამასთან დაკავშირებით შეუძლია ,არჩევნებში, ცივილური ფორმით დააფიქსიროს თავის მოსაზრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.