კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის, „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ (IEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკით არის განპირობებული.
„ჩვენი პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ხედავთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, რეგიონში, როგორი დაძაბული და რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩეული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ხვალინდელი დღისთვის.
მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს, მოგვიწოდებდნენ სანქციებზე მიერთებისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ და ა.შ. მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამ მშვიდობით მოვახდენთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.