კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში
კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კალაძის თქმით, ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს (რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ, ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით); მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველის გამზირზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი მოირგეს, მაგრამ, პარალელურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მისცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული.

ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს – მოღალატეობა დასწამა“,- განაცხადა კალაძემ.