კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ გუნდმა ბევრი მიმართულებით ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ
ჩვენმა გუნდმა, ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტყიბულში განაცხადა, სადაც პარტიამ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან წაქაძე წარადგინა.
კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უკეთესობისკენ შეიცვალა შრომის კოდექსი და ამ მიმართულებით პარლამენტში კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული.
„მოხარული ვარ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ვიმყოფები ტყიბულში – პატიოსანი, პატრიოტი და მშრომელი ადამიანების ქალაქში, სადაც მაღაროელები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის ყოველდღიურად მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან. ჩვენმა გუნდმა ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უკეთესობისკენ შეიცვალა შრომის კოდექსი. ამ მიმართულებით პარლამენტში კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასაქმებულთა ღირსეული შრომის პირობები და სოციალური გარანტიები იყოს უზრუნველყოფილი. საქართვველოს მსგავსი, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის აუცილებელია, დაცული იყოს ბალანსი ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შორის. ეტაპობრივად, ჩვენ შევძლებთ, რომ შრომითი და სოციალური უფლებები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოვოთ, გავაძლიეროთ ეკონომიკა და თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეს.
2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ კოლოსალური თანხების ჩადება ყველა იმ სფეროში, რაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ხელმისაწვდომი გახდა განათლება და ჯანდაცვა, მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა, სადაც მოქალაქეს სახელმწიფოს გვერდით დგომისა და დახმარების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა. დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, მოწესრიგება და ა.შ. ამ და სხვა პროექტების მიზანი ქვეყნის წინსვლა და თითოეული ოჯახის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შემოსავლების ზრდაა“, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამას სჭირდება ერთმანეთის მხარდამხარ 24-საათიანი მუშაობა, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეულად უპასუხონ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ტყიბულს, ამ რეგიონს და ზოგადად პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან დღეს ეს გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამ ყველაფრის შენარჩუნება შეუძლია, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად მივაღწევთ წარმატებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.