კახა კალაძე - „ქართული ოცნება" პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი
კახა კალაძე - „ქართული ოცნება" პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი

„ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. ვიცით, რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის წარმატებული, განვითარებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, საარჩევნო კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

კალაძემ სიტყვით გამოსვლისას, 2012 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2012 წელს, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება.

„მაშინ, ჩვენ პრაქტიკულად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება. ამ წლების განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ პრაქტიკულად ყველა სფეროში, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც კვლავ ერთად უნდა დავძლიოთ, ისევ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს რეალური შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს. წარმატებული, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ასაშენებლად, ჩვენ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ენერგია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის შენების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმსახურებს წარმატებას, იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამის მიღწევა კი, ერთმანეთის გვერდით დგომის, ერთიანობის გარეშე რთული იქნება, ეს საქართველოს წარმატების გასაღებია“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა შეუძლია ერთობას, სწორ მენეჯმენტს და საქმეზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დღის წესრიგს.

„ამ საშინელმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა, სად არის შავი და სად თეთრი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ზუსტად არჩევს მტერსა და მოყვარეს. რაც მთავარია, ვირუსთან ბრძოლამ ყველას დაგვანახა, რამხელა შესაძლებლობებს გვიხსნის საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთად დგომა. ჩვენი ერთიანობა არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტი. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ, გავიმარჯვებთ ყველა გამოწვევაზე, გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე და ჩვენს ქვეყანას საბოლოო გამარჯვების გზაზე გავიყვანთ“, – განაცხადა კალაძემ.