კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად, მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, არანაირი კოალიცია არ იქნება საჭირო
„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ, ხომ არ განაპირობა ეს „პოლიტიკურმა კრიზისმა?“
„თქვენ ნახეთ, როგორი ოცეული იყო წარმოდგენილი. „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელ კრიზისზე ვსაუბრობთ? კრიზისი ვისაც აქვს, კი ხედავთ. სექტემბერში რაღაც საცურაო აუზები დადგეს და ამით მოაქვთ თავი. ალბათ ზამთარში წყალსაც ჩაუსხამენ ბავშვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სამომავლოდ კოალიციის შექმნის საჭიროება გამორიცხა.
„დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად, არანაირი კოალიციის საჭიროება არ იქნება. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – განაცხადა კალაძემ.