კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ არ აპირებს პარტიების აკრძალვას, საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, ამაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია
„ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვას არ გეგმავს, ეს ტყუილია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, საუბარია წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას ეხება და რომელსაც გამოძიება ჭირდება.
კალაძის თქმით, საზოგადოებას ამ საკითხზე სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
„„ქართული ოცნება“ არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს, ვისი დაკვეთით კეთდებოდა ეს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ამ უგუნური ქმედებით, რომელიც, მგონია, რომ ნაკარნახევი იყო გარედან, დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა, დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი. ნებისმიერი ქართველი, ვისაც ჩვენი ქვეყანა, სამშობლო უყვარს, რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, გეტყვის, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, სჭირდება შესაბამისი გამოძიება, პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი. მათ რეზოლუციაზე აქვთ ხელი მოწერილი, ეს რეზოლუციაც არის ბოროტება. როგორ შეიძლება, საკუთარ ქვეყანას დააბრალო ომის დაწყება? რეზოლუციაში ეწერა, რომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და ამას მოაწერეს ხელი. ყველა კითხვას სჭირდება პასუხები და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.