კახა კალაძე - ქართული ანბანით შევძელით, მთელ მსოფლიოს მოვუყვეთ, ვინ ვართ ქართველები, რამხელა კულტურა გვაქვს
ქართული ანბანით შევძელით, მთელ მსოფლიოს მოვუყვეთ, ვინ ვართ ქართველები, რამხელა კულტურა გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე განაცხადა.
„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს აქ ვნახე. მეამაყება, რომ ვარ საქართველოდან და ვარ ქართველი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის საუკეთესო პლატფორმა, მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა, ჩვენი უძველესი ისტორია, რითაც ყველა ვამაყობთ.
ქართული ანბანით ჩვენ შევძელით, მთელ მსოფლიოს ვუამბოთ ჩვენი ისტორია, მოვუყვეთ, ვინ ვართ ქართველები, რამხელა კულტურა გვაქვს. მაგნუმის გამოფენაზე წარმოდგენილია მაგნუმის ფოტოგრაფების ფოტოები 1947 წლიდან 2018 წლის ჩათვლით. ფოტოებით არის გადმოცემული ჩვენი დედაქალაქის ისტორია, ეს ყველაფერი ჩამოვა თბილისში, საჩუქრად გადმოგვეცა და საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს ყველაფერი იხილონ თბილისში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.