კახა კალაძე - ქართულ პოლიტიკაში არ არის ადგილი ბოროტების და იმ ძალების, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან, 26 ოქტომბერს საზოგადოება პასუხს გასცემს რადიკალიზმს
ეს არის იმ ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და მათი მხარდამჭერების, ასევე კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში კანდიდატებად წარდგენილი სპორტსმენების ბულინგთან დაკავშირებით.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოება 26 ოქტომბერს პასუხს გასცემს რადიკალიზმს, ბოროტებას.
„ამ ადამიანებმა ვერ ისწავლეს ჭკუა. ხელისუფლებაში როდესაც იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. საზოგადოება 26 ოქტომბერს პასუხს გასცემს რადიკალიზმს, ბოროტებას. საქართველოში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში, არ არის ადგილი ბოროტების და იმ ძალების, რომლებიც თავიანთი გადადგმული ნაბიჯებით ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან, არიან მოღალატეები, აგენტები. ასეთი ადამიანების ადგილი არა თუ ქართულ პოლიტიკაში, ზოგადად, ქვეყანაში უნდა იყოს პრობლემა. საზოგადოებას ასეთ ადამიანებთან აქვს კიდეც შესაბამისი დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.