კახა კალაძე - „ქართუ ფონდს“ 20 ივნისს დაზარალებულთა მკურნალობის დაფინანსებისთვის მადლობას ვუხდი
თბილისის მერი კახა კალაძე 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
დედაქალაქის მერმა სიცრუე უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 18 წლის მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს, თითქოს, კახა კალაძე აფინანსებს. მისი განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა.
„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე დავაფინანსე მაკო გომურის უცხოეთში გამგზავრება და მკურნალობა. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ბევრს ვეხმარებით, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ ამაზე არც მისაუბრია და არც ახლა ვაპირებ. მით უფრო, სრულიად მიუღებელია მივითვისო ის საქმე, რაც არ გამიკეთებია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე მოვისმინე „ქართუ ფონდის“ განცხადება. თავის თავზე იღებს დაზარალებულთა მკურნალობის სრულ ხარჯებს, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.