ქალაქის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.
პირველი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი იყო. კახა კალაძის თქმით, საკრებულოში წარდგენილი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი სრულად არ ასახავს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მის მიერ მოსახლეობისთვის წარდგენილ პროგრამას და შესაბამისად, დედაქალაქის მთავრობამ მიმართა საკრებულოს დოკუმენტის რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაბრუნების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
„ქალაქ თბილისის მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიმართოს საკრებულოს – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაბრუნების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დაბრუნებული დოკუმენტი დამუშავდება მთავრობის ახალი შემადგენლობის მიერ და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 10 დეკემბრამდე საკრებულოს ჩვენ საბოლოო პროექტს წარვუდგენთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.