კახა კალაძე - პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უბრალოდ პოლიტიკის ნაწილი იყო
პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უბრალოდ პოლიტიკის ნაწილი იყო იმ არაპოპულარული პარტიების მხრიდან, რომლებმაც ყველანაირი ნდობა დაკარგეს საზოგადოებაში და ცდილობდნენ, მიზანმიმართულად დარტყმა მიეყენებინათ თანაივესტირების ფონდისა და ბიძინა ივანიშვილისთვის, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით საინვესტიციო ვალდებულება არსებობდა.
„ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, რასაც ისინი ავრცელებდნენ, თითქოს ერთ ლარად საჩუქრად გადაეცა, მაგრამ არავინ საუბრობდა იმას, რომ საინვესტიციო ვალდებულება იყო მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით. დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს. ჩვენ ვთავაზობთ ამ ადამიანებს, რომ გადავცეთ ერთ ლარად საუკუთრებაში ეს კონკრეტული ლოკაციები, რომელიც მერიის მხრიდან არის მიწოდებული. გვინდოდა იჯარით მიგვეცა, თუმცა ისიც არ არის პრობლემა, რომ კერძო საკუთრებაში ჰქონდეთ. ნეტავ ვინმე მოვიდეს და განახორციელოს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.