ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი და მიზეზი, მგონი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. გვსურს, წარმოგიდგინოთ საკონსტიტუციო ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და რაც მთავარია, ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ. საზოგადოებამ იცის, რომ უკვე წლებია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას. არაერთხელ გამართულა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. 2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე გადაიდგა პრინციპული ნაბიჯი და შემოღებული იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც 2024 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში და 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით. აღნიშნული ცვლილება, რა თქმა უნდა იყო საკონსტიტუციო ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო.
„ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უფრო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის, პასუხისმგებლობის გაზიარების პირობებში და მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოში უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ამ მიდგომების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშოროსო პარტნიორებს, საზოგადოებას ვთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ნულოვანი ბარიერით. ეს არის პრინციპული პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ყველა საკითხისა და ნიუანსის დეტალურად განხილვისთვის.
„როგორც უკვე აღვნიშნე, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში პოლიტიკური სისტემის გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მაღალ პოლიტიკურ კულტურას, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და ეროვნული მიზნების გარშემო პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას მოითხოვს. შესაბამისად, მინდა, ვთხოვო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ ამ მიდგომით გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა. ამისთვის არსებობს შესაბამისი პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ, დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს საკითხი და ნიუანსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზენტაციას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ ესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.
კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.
ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.