კახა კალაძე - პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურისა და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ვერავინ, ვერასდროს გაბედავს, რომ პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ქონდეს.
„შედარება შეუძლებელია, ყველამ კარგად ვიცით, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე, როგორი ველური მოპყრობა იყო, როგორი წამება, სადიზმი იყო პატიმრების მიმართ. ეს არაერთხელ გამოიკვეთა და დღევანდელი კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ვინ იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი – მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, მეგის ქარდავებით, გვარამიებით და ა.შ. ეს უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ, ვერასდროს გაბედავს, რომ პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცეს. პროკურატურამ ვიდეომასალასაც გაავრცელა, სადაც მითითებულია, რომ ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს.