კახა კალაძე - პრეზიდენტის გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს
უმძიმესია ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, სამარცხვინოა ეს ქმედება ადამიანისგან, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა დაიცვას კონსტიტუცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი იმსახურებს იმპიჩმენტს, „ქართული ოცნების“ მხრიდან თავიდანვე განიმარტა, რომ ეს კონკრეტული გარემოებების გამო შეუძლებელი იყო.
„რაც შეეხება იმპიჩმენტს, თავიდანვე, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამ საკითხზე განმარტება, ითქვა, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი იყო რიგი გარემოებების გამო, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს, კონსტიტუციას და კანონს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, პრეზიდენტის გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს
„შეგვიძლია, მოვიძიოთ და ვნახოთ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც იქცევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ადამიანი, რომელმაც პირველმა უნდა დაიცვას კონსტიტუცია, ფიცი აქვს დადებული, მას არღვევს და ამ ყველაფერს ნიღბავს იმით, რომ თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალზე შესტკივა გული და ამ დროს რეალობაში რა ხდება. მისი მხრიდან ვისმენთ განცხადებას, რომ ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და დაამატა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ვინმე სტატუსს თუ იმსახურებდა, ეს სწორედ საქართველო იყო. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მარტივად რომ შევაფასოთ, მავნებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია და ხალხი მხარს საქართველოს პრეზიდენტს უჭერს.
„ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ, ილუზიებშია. ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და დღეს, რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, ვის, რა მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.