კახა კალაძე - პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება, ვიდრე კორონავირუსს არ დავამარცხებთ
კახა კალაძე - პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება, ვიდრე კორონავირუსს არ დავამარცხებთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ყველაფერს აკეთებს.

„უკვე რამდენიმე კვირაა, მსოფლიო შიშის ქვეშ ცხოვრობს და ამ შიშს კორონავირუსი ჰქვია. გამონაკლისი, არც საქართველოა, თუმცა მინდა, დავამშვიდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. იცით, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს, საპატრულო პოლიციასა და ყველას, არ მინდა ვინმე გამომრჩეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ვირუსთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია.

„მადლობა მინდა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, საკითხის გაშუქებისთვის, რადგან მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი. ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენზეც – რიგით ადამიანებზე. უნდა გამოვიჩინოთ უფრო მეტი სიფრთხილე. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების თანამშრომლებს, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და ემსახურებიან საზოგადოებას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსს არ დავამარცხებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.