კახა კალაძე - 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები საერთოდ ნახსენებიც არ ყოფილა
კახა კალაძე - 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები საერთოდ ნახსენებიც არ ყოფილა

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული  ოცნება“ მზადაა, პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შესრულდეს.

კალაძის თქმით, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება და გუნდის თითოეული წარმომადგენელი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც აღნიშნული შეთანხმის ნაწილი იყო.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ როგორც პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, ჩვენი პარტია არის სრულ მზადყოფნაში, რომ ყველა ის შეთანხმება, რომელიც იყო 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის საჯარო და საზოგადოებამ იხილა, მოხდეს მისი აღსრულება.

ჩვენთვის მნიშვნელივანია საარჩევნო სისტემის ცვლილება და უკლებლივ, ჩვენი გუნდის თითოეული წარმომადგენელი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო ამ შეთანხმების ნაწილი“,- განაცხადა კალაძემ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას, რომელიც ელჩების ჩართულობით იქნა მიღწეული.

„შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა. მემგონი, საზოგადოება კარგად გააკეთებს ანალიზს, თუ რატომ უნდა ოპოზოციას ამის ჩავარდნა და რატომ უნდა, საარჩევნო სისტემის ცვლილება არ და ვერ განხორციელდეს. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რადიკალურები იყვნენ ამ ვითარებაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები საერთოდ ნახსენებიც არ ყოფილა.

„ეს ტექსტშიც არის ასახული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ესწაიკითხოს და მოისმინოს ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეზვედრის შემდეგ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა.

როცა ადამიანების ჯგუფი რამეზე თანხმდება, ეს უნდა იყოს შესრულებადი. შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებდით ისეთ პასუხისმგებლობას, რისი შესრულების კონპეტენციაც ჩვენ არ გვქონდა, შესაბამისად, მემგონი, ყველაფერი ცხადია. პოლიტიკიური პატიმრების კარგი განმარტება გუშინ გააკეთა გერმანიის ელჩმა და შეგიძლიათ, ამით იხელმძღვანელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.