კახა კალაძე - პოლიტპატიმრების საკითხი 2012 წელს დავამთავრეთ, საბედნიეროდ, დღეს პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ საკუთარ ქვეყანაზე, განვითარებაზე, ტრადიციებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, Alde-მ მხარი დაუჭირა მათ მიერ შეტანილ რეზოლუციას, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი და მიხეილ სააკაშვილი.
როგორ კალაძემ აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესებს იცავს და მომავალშიც ასე გააგრძელებს.
„ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს, იმას, რაც ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის მომავალს სჭირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ საკუთარ ქვეყანაზე, ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე; უარი ვთქვათ იმ ტრადიციებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომლებიც გვაქვს და დღემდე მოვედით. შესაბამისად, ამ ყველაფერთან ერთად წარმოგვიდგენია ევროპული მომავალი, ქვეყნის განვითარება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს საკუთარი ხალხის ინტერესებს. ეს ასეა და ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კითხვის საპასუხოდ კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი 2012 წელს დავამთავრეთ. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ამ მიმართულებით, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მიმართ. საბედნიეროდ, დღეს პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.