კახა კალაძე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ უპასუხისმგებლო ლიდერებს, ვინც ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტი და თვითონ გაიპარნენ
კახა კალაძე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ უპასუხისმგებლო ლიდერებს, ვინც ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტი და თვითონ გაიპარნენ

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოების მოთხოვნა იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება და კონსენსუსია იმაზე, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული.

„მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი პარტია იქნება პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც ემიჯნება ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებას და მოვისმინეთ მათი ლიდერის განცხადება, სატყუარა თუ რაღაც დაარქვა ამ პროცესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია და გაუგებარია ჩემთვის, მათთვის ერთ-ერთი ამოცანა არის როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მოაწყონ გადატრიალება, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, ეს არავის გამოუვა მეგობრებო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამ საკითხს მკაფიოდ უპასუხა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან მკაფიოდ უპასუხა დასმულ შეკითხვას. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ კონკრეტულ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც იმ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა, შევარდნილიყვნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტი და თვითონ გაიპარნენ. ეს იყო რეალური“, – განაცხადა კახა კალაძემ.