კახა კალაძე - პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მოღალატეობრივი ქმედებებით აზიანებდა და დღესაც აზიანებს ქვეყანას, აქვს არსებობის უფლება? თავიანთ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ
„კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე. აქ ოპოზიციის გაუქმებაზე საუბარი აბსურდია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას არ გეგმავს და ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციების ნაწილია.
„ჩვეულებრივი სპეკულაციებია, თითქოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. როგორ ფიქრობთ, აქვს არსებობის უფლება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა დააზიანოს, ქვეყნის მომავალს საფრთხე შეუქმნას? გვაქვს კონკრეტული მაგალითი – 2008 წლის ომში მათი მოღალატეობრივი ქმედებები. მათი გაუაზრებელი პოლიტიკით რა მივიღეთ? დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი ლტოლვილი ოჯახი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს.
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად გვევლინება. მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ მოღალატეობრივ ქმედებებზე. ისინი ახლაც კი პირდაპირ მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, დარბოდნენ ბრიუსელში, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. წლების წინ ვიზალიბერალიზაციის პროცესს უშლიდნენ ხელს, ცდილობდნენ ასოცირების ხელშეკრულებაზე არ მომხდარიყო ხელის მოწერა და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ოპოზიციის გაუქმებაზე საუბარი აბსურდია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაშვებული შეცდომები არათუ აღიარა, მსგავსი ქმედებები გააგრძელა.
„რა თქმა უნდა, ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, შეცდომა ეღიარებინათ, მაგრამ ბოროტ ქმედებებს აგრძელებენ, სახელმწიფოს ებრძვიან. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით პირდაპირ კეთდებოდა განცხადებები, ასევე ქვეყნის გარედან იყო მოწოდებები, რომ სანქციებს მივერთებოდით. ამით ისევ ჩვენი ქვეყანა დაზიანდებოდა. შესაბამისად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარედან იმართებიან. მათ საკუთარი ხედვა და მოსაზრება არ აქვთ. ყველაფერზე წამსვლელები არიან, რასაც უბრძანებენ. ეს არის უბოროტესი ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.