კახა კალაძე - პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი, დაპირისპირება, ცხვირ-პირის მტვრევა, გინება - დაიღალა ხალხი ამ ყველაფრისგან, მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ
პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი, ჩვენი ქვეყანაც და ხალხიც. დაიღალა ხალხი ამ ყველაფრისგან. მოდი, ვისაუბროთ პოზიტივზე, პოზიტიურ პროექტებზე, წინსვლაზე, განვითარებაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ჩემთვის არანაირი ინტერესი არ აქვს. იცით, ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის, რასაც დღეს ვუყურებ, პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი, ჩვენი ქვეყანაც და ხალხიც. მოდი, ვისაუბროთ პოზიტივზე, პოზიტიურ პროექტებზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. სულ არის საუბარი „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, დაპირისპირება, ცხვირ-პირის მტვრევა, გინება. დაიღალა ხალხი ამ ყველაფრისგან და მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს საქმეს მივხედოთ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, ჩვენი პატარა თითო ქვა, აგური დავდოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უფრო განვითარებული, წინ წასული, სადაც იცხოვრებს ბედნიერი ხალხი, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, კომფორტულად იცხოვროს. გვაქვს ამ ყველაფრის შესაძლებლობა, გააჩნია ჩვენს ქვეყანას და მოდი, ჩვენს ქვეყანას მივხედოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება. მისი თქმით, მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. ხოლო გიგა ბოკერიას თქმით, ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. საპასუხოდ, ნიკა მელიამ განაცხადა: „ჩემი განცხადებები სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც, ფრთხილად ვიყოთ, ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს“.