კახა კალაძე - პოლიტიკა, რომელიც გარედან თავსმოხვეულია, გაჯერებულია ორმაგი სტანდარტებითა და ფარისევლობით
ეს პოლიტიკა, რომელიც გარედან თავსმოხვეულია, ყოველ შემთხვევაში, რის მცდელობაც არის, გაჯერებულია ორმაგი სტანდარტებით, ფარისევლობით. წარმოუდგენელი რამეები ხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას გერმანიაში პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ფაქტის შეფასება სთხოვეს.
„ახლა გერმანიის მაგალითი მოიყვანეთ, რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში საერთოდ გააუქმეს პარტია, დაიჭირეს ვიღაცები, წარმოუდგენელი რამეები ხდება და ეს შეფასდა დემოკრატიად. როდესაც შენ საუბრობ იმაზე, რომ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის გამო, იმ მოღალატეობრივი ქმედებების გამო დაკარგე ტერიტორიები, დაგეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მიიღე უამრავი ლტოლვილი ოჯახი და ამაზე უნდა აგებინო პასუხი დამნაშავეებს, რომლებმაც გარედან დავალებით შეასრულეს ეს ბოროტება, ამაზე ამბობენ – როგორ შეიძლება, ეს გააკეთოთ, ეს არ არის დემოკრატია. ხალხი ხედავს ამ ყველაფერს. რატომაა ამდენი უკმაყოფილო გაღიზიანებული მოქალაქე დასავლეთის მიმართ, თუნდაც ამერიკის მიმართ, იმიტომ, რომ ხედავს ორმაგ სტანდარტს, ხედავს იმ სიბინძურეს, რაც წარმოუდგენელია, ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.