პირველი იანვრიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექტორებმა 1000-ზე მეტი ოქმი შეადგინეს, ჯარიმების ოდენობა კი 19 მილიონი ლარია
პირველი იანვრიდან დღემდე მუნიციპალური ინსპექტორების მიერ შედგენილია დაახლოების 1000-ზე მეტი ოქმი, ჯარიმების ოდენობა არის 19 მილიონი ლარი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალური ინსპექცია ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია.
„გასულ წელს მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ ჯარიმები, გავზარდეთ ჯარიმების რაოდენობა. მინდა, ციფრები მოგაწოდოთ და საქმის კურსში ჩაგაყენოთ, რომ მოსახლეობას ინფორმაცია ჰქონდეს თუ როგორ მუშაობს მუნიციპალური ინსპექცია. პირველი იანვრიდან დღემდე შედგენილია დაახლოების 1000-ზე მეტი ოქმი. ჯარიმების ოდენობა არის 19 მილიონი ლარი. პირველი რიგში ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯარიმების გაზრდა იყო სწორი, თუმცა მთავარი იდეა არის, რომ სამშენებლო დარღვევები შევამციროთ და არა რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს მუნიციპალიტეტმა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გაგვეზარდა ჯარიმები, რადგან დარღვევები, პრობლემა, რაც მშენებლობებზე ხდებოდა სხვადასხვა სახით, ეს ყველაფერი შევამციროთ. მინდა, კიდევ ერთხელ, დეველოპერებს, მშენებლებს მოვუწოდოთ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა სამშენებლო ობიექტებზე მაქსიმალურად გაამკაცრონ დამოკიდებულებები და კანონის ფარგლებში ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც არის მოთხოვნილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაჯარიმება მოხდეს. უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველანაირად დაზღვეულნი ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.