კახა კალაძე - პატიმარს მაინც ნუ ატყუებენ, პირიქით, ხელი შეუწყონ, რომ გამოიყვანონ თვითდაზიანების რეჟიმიდან და მისცენ შესაძლებლობა, ნორმალურად იკვებოს
პატიმარს მაინც ნუ ატყუებენ, პირიქით, ხელი შეუწყონ, რომ გამოიყვანონ თვითდაზიანების რეჟიმიდან და მისცენ შესაძლებლობა, ნორმალურად იკვებოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში.
„საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რათა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება ყოველთვის იყოს დაცული. ამას აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. მანამდე, 2012 წლამდე რა ხდებოდა საპატიმროებში, ამაზე ახლა ყურადღებას არ გავამახვილებ და ხაზს არ გავუსვამ ამას, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. 2012 წლიდან მოყოლებული შესაბამისი უწყება ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ფაქტი, ადამიანი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამის მიზანია, რომ თავისი პიარკამპანიით, თავისი უცხოელების ჩართულობით როგორმე მოხდეს მისი დახსნა ციხიდან, რაც შეუძლებელია. ადამიანს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული, აქვს კონკრეტულ საქმეებზე მისჯილი. არის ასევე სხვა საქმეები, რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება. ასე რომ, მე უბრალოდ მინდა, ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ პატიმარს მაინც ნუ ატყუებენ. პირიქით, დაეხმარონ, ხელი შეუწყონ, რომ გამოიყვანონ თვითდაზიანების რეჟიმიდან და მისცენ შესაძლებლობა, ნორმალურად იკვებოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.