კახა კალაძე - პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც პროვოკაციას აწყობს, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია
პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც პროვოკაციას აწყობს, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში“.
თბილისის მერის თქმით, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდობიან რეჟიმში, რაც მისასალმებელია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს და ეს იყო დმანისში, რაც ძალიან ცუდია. ყველა დამნაშავე, ვისაც წვლილი მიუძღვის, უნდა დაისაჯოს. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, არჩევნებში მონაწილე იმ სუბიექტებს, ვინც პროვოკაციას აწყობს, ვინც ასევე პროვოკაციაზე წამოეგება. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, არანაირი გამართლება არ აქვს და ყველა უნდა დაისაჯოს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძე.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში და მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.