კახა კალაძე - პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება
პოლიტიკური პასუხისმგებლობათ ეკისრება იმ ადამიანებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ, ამ ლიდერების მიმართულებით მოჰყვება აუცილებლად სამართლებრივი რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის, რაც პარლამენტის შენობაში ხდებოდა მძიმე სანახავი იყო და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაქცია.
„არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო დედაქალაქში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს. ბუნებრივია, ძალიან იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე, თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე და რაც ხდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მე ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვისაუბრე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ძალიან მძიმე სანახავი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს გუნდს, პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველო ჰქვია. ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვა ძალიან მკაცრი რეაგირება, პარლამენტის თავმჯდომარემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და მან დატოვა თანამდებობა. ის, რაც საღამოს მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო, ამდენი დაშავებული ადამიანი, უმძიმესი კადრები ვნახეთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ, ამას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.