კახა კალაძე - პარლამენტის წინ ვხედავდით პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ახალგაზრდები
საქართველოში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა და უფლება, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა კითხვაზე პასუხისას, რომელიც 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხებოდა, რომ აქციაზე 200 „ნაციონალი“ იდგება.
„არ მომისმენია, არ ვიცი, რამდენი იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანებს ამ ქვეყანაში აქვთ შესაძლებლობა და უფლება, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და ამაში მათ ხელს ვერავინ შეუშლის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, მისი შეფასებით, აქცია „ნაციონალური მოძრაობისაა“ თუ 20 ივნისს პარლამენტთან მყოფი აქტივისტების, თბილისის მერი პასუხობს, რომ პარლამენტის წინ მაშინ პოლიტიკურ ლიდერებიც იმყოფებოდნენ.
„პარლამენტის წინ ჩვენ დავინახეთ და ვხედავდით ასევე პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ახალგაზრდები, ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, შევარდნას და ამის აღიარებითი ჩვენებებიც არსებობს პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.