კახა კალაძე - პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა
კახა კალაძე - პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა

ოთარ ჩრდილელის მიერ პარლამენტის დატოვება იყო მისი პირადი გადაწყვეტილება და არავის არ აქვს უფლება, შევიდეს მის პირად სივრცეში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ყველა ადამიანი იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. ოთარი არის ღირსეული ადამიანი, ჩვენ წლებია ვიცნობთ ერთმანეთს, გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება და არავის არ აქვს უფლება, შევიდეს მის პირად სივრცეში“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დამტკიცებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარია, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღდეს.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩემს მიდგომას და დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხება მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უკვე მიღებული იქნა, ბევრი არ იქნა დამტკიცებული, თუმცა მათგან ვინც დამტკიცდა, არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენთვის მთავარი არის გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის რომ, იყო ერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება. ეს ერთი ადამიანი იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე გუშინ დაწერა.