კახა კალაძე - პარლამენტი შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს
კახა კალაძე - პარლამენტი შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის მომდევნო კვირაში ჩანიშვნის შესახებ.

„პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. დამტკიცდება მთავრობა. ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მცდელობისა. ამ მცდელობებით კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მიხარია, რომ საზოგადოება უფრო და უფრო  რწმუნდება, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, მერი პასუხობს, რომ ამის განსაზღვრა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გააკეთებს განცხადებას, წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას, ეს პირდაპირ ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.