კახა კალაძე პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია „რატპის“ პრეზიდენტს შეხვდა
საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია „რატპის“ (RATP) ცენტრალურ ოფისს ესტუმრა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას გაეცნო და ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტის მართვის ინსტიტუციური მოდელის მნიშვნელობაზე.
კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის, განახლებული ავტოპარკისა და საქალაქო ტრანსპორტზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის გარდა, უმნიშვნელოვანესია ტრანსპორტის მართვის მულტი მოდელური ჭკვიანი სისტემის დანერგვა.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ის გზა და პოლიტიკა, რომელიც გვაქვს არჩეული, სწორია და ზუსტად ვახორციელებთ იმ რეფორმას, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქშია გაკეთებული. ჩვენ დამატებით კიდევ მოვისმინეთ, რა შეიძლება გაკეთდეს თბილისში და რისი გაზიარება შეიძლება იმ დიდი გამოცდილებიდან, რომელიც ამ მიმართულებით პარიზს აქვს. რა თქმა უნდა, ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ ერთად, რომელიც მუშაობს ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გავითვალისწინებთ ყველა რჩევას, რომელიც დღეს გაჟღერდა. დარწმუნებული ვარ, თბილისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი,სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, კომფორტული და გამართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს დედაქალაქის მერს მასპინძლობა კომპანია RATP-ის პრეზიდენტ მამატიე ვუაზენმა გაუწია.
„მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ თბილისის მერს და მის დელეგაციას. პარიზის რეგიონის ცენტრალური ავტოპარკი, სადაც ახლა ვიმყოფებით და საიდანაც იმართება ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია. ჩვენთან დაახლოებით, 1000-ზემეტი მძღოლი მუშაობს, გვაქვს რამდენიმე ასეული ავტობუსი. ახლა ავტოფარეხი შეივსო ახალი ავტობუსებით, რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოს დაცვის მოთხოვნებს, თანდათან კი გადავდივართ ელექტრო ავტობუსებზე. ვფიქრობთ, საინტერესო შეხვედრა იყო და ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებს თბილისი“, -განაცხადა მატიე ვუაზენმა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარიზის ავტოსატრანსპორტო ქსელისა და გარდამავალი ენერგეტიკის პროგრამის „ავტობუსი 2025“ საქმიანობის პრეზენტაციები. საუბარი შეეხო თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, სამომავლო გეგმებს და საქმიანობის პრიორიტეტებს.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ამ მიმართულებით პარიზის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე მერი ასევე გაეცნო სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის მექანიზმებს, რაც შეიძლება მაგალითად გამოიყენოს საქართველომ.
ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძემ ელექტროავტობუსების პარკი და მცირე მექანიზმების სახელოსნო Championnet დაათვალიერა.
RATP-ის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას ფრანგული კომპანია „სისტრას“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.