კახა კალაძე - ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი გაუგზავნა საიდუმლოდ, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი გაუგზავნეს საიდუმლოდ, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე გამოეხმაურა ოთხი ქართული ოპოზიციური გაერთიანების წერილს, რომლითაც ისინი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ.
„მინდა, შევეხო ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ოთხმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „გახარია საქართველოსთვის“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი გაუგზავნეს. რაც მთავარია, გაუგზავნეს საიდუმლოდ.
ეს არ იყო საჯარო, თუმცა ჩვენ მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს აღნიშნული წერილი, სადაც წერია, ვციტირებ: „გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ მედიაზე. შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი“. ეს მოთხოვნები იკითხება ამ ანტისახელმწიფოებრივ წერილში.
რადიკალები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილში ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, 30 დღის განმავლობაში დააინიცირონ სპეციალური მისია საქართველოში. წარმოუდგენელია ხომ?
არაერთხელ გვითქვამს, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, არიან მავნებლები, რომელიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბრიუსელში დარბოდნენ მაშინ, როდესაც საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას აწერდა ხელს. ჰქონდათ მცდელობა, ეს პროცესი შეეჩერებინათ; ასევე დარბოდნენ კაბინეტებში, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი გაჩერებულიყო და არ მომხდარიყო აღნიშნული გადაწყვეტილება; ასევე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა, პირდაპირ მოწოდებები, თითქოს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიმინდვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს ხელისუფლებას შესწევს უნარი, დაიცვას ქვეყანა არეულობისგან.
„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავისთვის არის უცხო, როგორ ოპოზიციურ ძალასთან გვაქვს საქმე, ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი გაცხადებული პოლიტიკაა. ეს არის ყოველდღიურობა. რასაკვირველია, როგორც აქამდე, არც ახლა დავუშვებთ მათი გეგმების განხორციელებას. დღეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სრული მხარდაჭერა, არის ძლიერი და შესწევს უნარი, დაიცვას ქვეყანა არეულობისგან, აქვს ძალა, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მიუხედავად შემოტევების, მუქარებისა, დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, აღმშენებლობა და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ხალხს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის.
„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდამჭერებს, რომ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის გაცხადებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.