კახა კალაძე - ოთარ იოსელიანის გარდაცვალება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის უდიდესი დანაკლისია
თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ – ცნობილი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის.
„გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, „მთვარის ფავორიტები“, „პეპლებზე ნადირობა“ და სხვ. – ესაა ოთარ იოსელიანის მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერით გადმოცემული კინოამბები ადამიანებზე, მათ ღირებულებებზე, კონფორმიზმის საფრთხეებზე.
ოთარ იოსელიანმა ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე დაგვიტოვა საკუთარი სათქმელი, მდიდარი შემოქმედების სახით.
სამძიმარს ვუცხადებ მთელ საქართველოს!“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.
89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა.