კახა კალაძე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს გაეცნო [ფოტო]
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩების 18 მისამართზე მდებარე შენობების სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო არეალში ხორციელდება:
• შენობის ფასადების სხვადასხვა მასალებით მოპირკეთება;
• ხის კარ-ფანჯრების და ვიტრაჟების მონტაჟი;
• ქუჩიდან შენობებში შესასვლელი ქვის კიბეების მოწყობა;
• შშმ პირებისთვის პარკინგიდან ამოსასვლელი ლიფტების მონტაჟი;
• რესტავრირებული ეზოს ნაჭედი ლითონის ჭიშკრების მონტაჟი;
• ეზოს მხარის ფასადის ხის შუშაბანდების დამუშავება და ღებვა;
• 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის კეთილმოწყობის სამუშაოები;
• სობჩაკის ქუჩის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოები;
• ქუჩების გარე განათების და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებისთვის საკაბელო ქსელების მოწყობა;
• ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოები.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები, სრულიად ახალ ლოკაციაზე გაკეთდება სპეციალური სავაჭრო-საგამოფენო სივრცე ყვავილებით მოვაჭრეთათვის და მოწესრიგდება იქ არსებული სარეკრეაციო სივრცეები. თბილისის ძველ უბანს შეემატება კიდევ ერთი, ტურისტულად აქტიური საფეხმავლო ზონა, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, ათონელისა და ხიდის, ფურცელაძის და ფხოვის ქუჩების ნაწილს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო არეალში სრულად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები (წყლის, წყალარინების, გაზმომარაგების, კავშირგაბმულობის) და მოეწყო სადრენაჟე, სანიაღვრე ქსელები. კონსტრუქციულად გამაგრდა დაზიანებული შენობები, შენობების საფასადე ნაწილებიდან მოიხსნა ქაოსურად მოწყობილი გაყვანილობები, გაიწმინდა და დამუშავდა შენობების დაზიანებული საფასადე ნალესობები, აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა ნაძერწ დეტალებს, ხისა და ლითონის ნაკეთობებს, შეიცვალა და განახლდა გადახურვის კონსტრუქციები, მთლიანად გამოიცვალა თუნუქის სახურავები და მოეწყო წვიმის გადასაყვანი სისტემები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტით ფინანსდება.
აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებას, რომლის რეაბილიტირებული მონაკვეთი იწყება მუშთაიდის ბაღიდან, დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნამდე.
ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.