კახა კალაძე - ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს
ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წინააღმდეგ საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გამართულ და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებას დაგეგმავს, ამის შესახებ მედიასა და მოსახლეობას ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდის.
„ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს ამ აქციებს. თუ კონკრეტული ადამიანი გამოდის და სხვადასხვა ფორმით აკეთებს განცხადებას, ეს მისი პირადი საქმეა. „ქართულ ოცნებასთან“ აქციებს კავშირი არ აქვს. თუ საარჩევნო კამპანიის კონტექსტში ჩვენ რამე ღონისძიება გვექნება, ამ ინფორმაციას მოსახლეობას მივაწვდით და პირველ რიგში, გეცოდინებათ თქვენ, ჟურნალისტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში საზოგადოების წარმომადგენლებმა რამდენიმე აქცია რამდენჯერმე გამართეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციები 11 ნოემბრიდან რეგიონებშიც გაიმართება.