კახა კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ, გულანთებული ადამიანები გამოიყენონ თავიანთ სასიკეთოდ, პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან
მოვისმინეთ მოწოდებები, რომ უნდა წასულიყვნენ და წრე დაერტყათ პარლამენტის შენობისთვის, ამ ყველაფერს რა მოჰყვა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაიწყო ქვების სროლა, ფანჯრების ჩამტვრევა და ა.შ. მძიმე იყო სანახავად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ახალგაზრდების გამოყენებას ცდილობს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს, ახალგაზრდას, რომლებიც იყვნენ აქციაზე, რაღაც შინაგანი პროტესტი გააჩნდათ, შეიძლება, ვიღაცამ რაღაც ვერ გაიგო, ვიღაცას მართლა ეგონა და დარწმუნებული იყო, რომ ეს რუსული კანონი იყო, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ, გულანთებული ადამიანები, რომლებსაც რაღაცის მიმართ გარკვეული პროტესტი გააჩნიათ, გამოიყენონ ისევ და ისევ თავიანთ სასიკეთოდ, ანუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. რაც ვნახეთ, ნორმალურია? რომელ დემოკრატიაზე, განვითარებაზე, ევროპაზე ვსაუბრობთ. ძალიან კარგად ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, არანაირი რესურსი, შანსი არ აქვთ, ასე ვიტყოდი: წყალწაღებულები ხავსს ეკიდებიანო, ასე არის მათი საქმე“, – განაცხადა კალაძემ.