კახა კალაძე - ოპოზიციის ოცნებაა ხელისუფლების ცვლილება, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ იმოქმედოს
მათი ოცნებაა ხელისუფლების ცვლილება, თუმცა მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ იმოქმედოს 2024 წლის არჩევნებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.
კერძოდ, საუბარია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „ჩემი აზრით, დაბალია ალბათობა, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხი იყოს. ერთადერთი გამოსავალი, რომ გავაგრძელოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, ხელისუფლების ცვლილებაა“.
კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს.
„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ივნისის ბოლოს შესრულებული იქნება. რას ნიშნავს, ვერ მივიღებთ? დათქმა იყო გაკეთებული, წარმოდგენილი იყო 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევასრულეთ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ სტატუსს, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით. თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა, მიეღო სტატუსი, პირველი ეს იყო საქართველო, ყველანაირი მონაცემებით, თვალსაზრისით ყველა ქვეყანაზე წინ ვიყავით, თუმცა მიღებულ იქნა არასამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, თვითონ განცხადებებში, რეზოლუციებში აღნიშნავენ, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებდა. სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო კანდიდატის სტატუსზე უარი და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის, დაპირისპირებისთვის. რევოლუციის მცდელობაც იყო, მაგრამ მერწმუნეთ, არავის არაფერი არ გამოუვა. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც გვერდით უდგას. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკას ატარებს და რომელშიც ჩვენი ქვეყნის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებია გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ საბოტაჟისკენ არის მიმართული.
„საერთოდ არსებობს ოპოზიცია? არსებობენ ეს ადამიანები? ერთადერთი, რითიც შემოიფარგლებიან, არის განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენ არის მიმართული. ეს არის საბოტაჟი ევროინტეგრაციის და ევროპულ გზაზე კონკრეტული ნაბიჯებით. ყველაფერს აკეთებენ, ხელი შეუშალონ საქართველოს, მიიღოს სტატუსი, ისევე, როგორც იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე მოხდეს ხელის შეშლა და შემდეგ კვლავ ექნებათ მცდელობა, ეს ისევ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.