კახა კალაძე - ოპოზიციას შევთავაზეთ დაახლოებით 1 500 უბნის გადათვლა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათი მიზანია მხოლოდ დესტრუქცია
ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ გადაგვეთვალა კონკრეტული უბნები, სადაც ისინი კითხვის ნიშნებს სვამდნენ. საუბარია 1 500 უბანზე, სადაც „სამართლიან არჩევნებსაც“ ჰქონდა გარკვეული მინიშნებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მიზანი მხოლოდ დესტრუქციაა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რადგან იციან, ყველა მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.
„გამიჭირდება დეტალებში და სიღრმეებში შესვლა, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, თუმცა დღეს მე ვალდებული ვიყავი საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომ ეს ცალმხრივად არ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე შეთანხმებული იყო, რომ საუბარი რჩებოდა იქვე და არ უნდა გაჟღერებულიყო, დღეს კონკრეტული ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და ფაქტობრივად ისაუბრეს იმ შეთავაზებაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩვენ შევთავაზეთ გადაგვეთვალა ის კონკრეტული უბნები, სადაც ისინი სვამდნენ კითხვის ნიშნებს. აქ საუბარია 1 500 უბანზე, სადაც „სამართლიან არჩევნებსაც“ ჰქონდა ჰქონდა გარკვეული მინიშნებები.
ძალიან მარტივია, ისინი ხომ საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, აქ ვართ ყველანი – ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ის კონკრეტული პარტიები, მივიდეთ, გავხსნათ ის კონკრეტული უბნები, დავთვალოთ ერთად და ცხადია, ყველაფერი მარტივად გამოჩნდება. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორც ჩანს, მათი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია, სამწუხაროდ. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, ისინი წამოვლენ რაღაც მოლაპარაკებებზე და მიიღწევა გარკვეული შეთანხმება, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
მეორე ტურში ოპოზიცია არ აპირებს მონაწილეობის მიღებას. ესეც მათი მხრიდან ტაქტიკური ნაბიჯია იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდებიან. მათ გამარჯვების არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ აქვთ და უბრალოდ, წინასწარ არც ზედმეტი თანხების დახარჯვა უნდათ და არც დამატებით თავის შერცხვენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.