კახა კალაძე - ოპონენტების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სურვილით იყო განპირობებული
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია იყო.
მისივე თქმით, ოპონენტების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სურვილით იყო განპირობებული და მაშინ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკის გამეორება არ სურდა, რაც 2003 წელს ოპონენტების დევნასა და საზოგადოების დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფაში, მათ შორის კი, მოქალაქეთა ნაწილის ჩარეცხილებად მოხსენიებაში გამოიხატებოდა.
კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის მაშინაც და დღესაც მოქალაქეების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია.
„შეცდომები იყო ბევრი, ერთ-ერთი გამოვყავი – კოაბიტაცია. შესაძლოა, იმ დროისთვის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, ისევ და ისევ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ოპონენტებმა ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოაბრუნეს. აქაც ჩვენ ვართ დამნაშავეები, ვერ შევძელით საზოგადოებისთვის სწორად აგვეხსნა და მიგვეტანა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ესეც ჩვენი დანაშაულია“, – განმარტა კახა კალაძემ.