კახა კალაძე ოპონენტებს მიმართავს - როდესაც დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუესა და ტყუილებზე, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ, თუ ასე გააგრძელებთ, უფრო გაფარჩაკდებით
ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რამდენიმე ეტაპია და შესაბამისად, ჩვენც, როგორც ეს დადგენილია მათი წესების მიხედვით, მოგვიწია ამ ეტაპების გავლა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ EBRD-ის მიერ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ოპონენტებმა აღნიშნულ საკითხზე ბევრი სიცრუე გაავრცელეს.
„ამ დღეებში ჩვენ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და მინდა, ამასთან დაკავშირებით გავაკეთო განმარტებები. არავის გავუტარებთ სიცრუეს და იმას, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ტყუილები ეხება მეტროს ტენდერთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას. ძალიან ბევრი ტყუილი გავრცელდა. ე.ი. მერიის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა განხორციელდა. როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიღაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვების წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისას გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც. თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე, ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. მინდა, ხაზი გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს: ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს. რამდენიმე ეტაპია და შესაბამისად, ჩვენც, როგორც ეს დადგენილია მათი წესების მიხედვით, მოგვიწია ამ ეტაპების გავლა. 2020 წლის თებერვალში იქნა გამოცხადებული ეს ტენდერი. 2021 წლის ნოემბერში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული. პირდაპირ ომს და სანქციებს უკავშირებდნენ ამ ყველაფერს. რამდენი სიბინძურე მოვისმინეთ, რამდენი არასწორი განცხადება ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. მგონი, ყველა კარგად ხედავს, რომ სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, რაღაც თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე. მერე გამოდიან, დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუეა და ტყუილებია დღის წესრიგი, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და კიდევ უფრო გაფარჩაკდებით“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ოპონენტებს მოუწოდა რეალური განცხადებები გააკეთონ.
„გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც არის რეალური და ნამდვილი. ასევე, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც არის გამარჯვებული გამოცხადებულ ტენდერში, პროდუქცია მიწოდებული აქვს მაგალითად ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთვის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტისა და ასევე სერბეთისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის განცხადებებიც, რომლებსაც ბრიფინგებს უძღვნიდნენ, თითქოს ეს კომპანია დაკავებული იყო იარაღის წარმოებით. არ ვიცი ეს ყველაფერი რას უკავშირდება. მაგათ ჰგონიათ, ჩვენ წყალს ჩავიგუბებთ პირში, გავჩუმდებით, არაფერს ვიტყვით. საზოგადოებას ზედმიწევნით ავუხსნით ყველაფერს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან. ამ ჰოლდინგში არის ძალიან ბევრი კომპანია გაწევრიანებული და არათუ ამ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ჩვენს ტენდერშია გამარჯვებული, არამედ არსებულ ჰოლდინგში გაწევრიანებულ არც ერთ კომპანიას არ აქვს კავშირი იარაღის წარმოებასთან. აი, ეს არის რეალობა“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, მეტროს ვაგონების განახლება აუცილებლად გაგრძელდება.
„რაც შეეხება უშუალოდ ვაგონების შესყიდვას, ეს პროცესი გაგრძელდება ამავე ტენდერის ფარგლებში. ჩვენ ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და შესაბამისად, ვიხელმძღვანელებთ იმ გადაწყვეტილებით. ჯერჯერობით, დროებით თანხის გადარიცხვა შეჩერებულია, რადგან არ ვიცით, რომელ კომპანიებს დაეკისრებათ საბოლოო ჯამში სანქციები. ამის შემდეგ უკვე ბანკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენც ვიხელმძღვანელებთ ამ გადაწყვეტილებით. ქალაქს აუცილებლად ეყოლება ახალი მეტროს ვაგონები, რომლითაც მოვემსახურებით დედაქალაქის მცხოვრებლებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება განახლებული, მოწესრიგებული, ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლებული გვყავს. დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება და ამ პროცესსაც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, – განაცხადა კალაძემ.