კახა კალაძე - საარჩევნო სისტემა რომ იგებდეს არჩევნებს, დღეს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა
ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ადგენს საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობას ან არაკონსტიტუციურობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კითხვის გაგზავნა ეუთო-ში შეცდომა იყო და სახალხო დამცველიც შეცდომაში შეიყვანეს.
„საარჩევნო სისტემა როგორი უნდა იყოს, გადაწყვეტილებას იღებს სუვერენული სახელმწიფო. მთავარია, ეს იყოს დემოკრატიული სისტემა და როგორი პრინციპით იქნება, შერეული, ნახევრად შერეული თუ პროპორციული, ეს არის ჩვენი, სახელმწიფოს გადასაწყვეტი, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა პარტიების ჩართულობით, კონსენსუსით. როდესაც კონსტიტუციის ცვლილება განხორციელდა, ჩვენი პარტია დარჩა მარტო კონსტიტუციის მიღების დროს და განახორციელა ცვლილება, რომ 2024 წელს ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიუღია იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ის რაზეც საუბრობს ოპოზიცია, ე.წ. გერმანულ მოდელთან საერთოდ კავშირი არ აქვს. ეს არის „ავღანური მოდელი“. საქართველო 70,80,90-იან წლებში არ და ვერ დაბრუნდება. ჩვენ გვჭირდება განვითარება და წინსვლა. საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი. საარჩევნო სისტემა რომ იგებდეს არჩევნებს, დღეს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.
ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.